გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება

ტურისტულ ზონებში მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები გუდაურშიც აშენდება, რომელიც ტურისტულ ზონაში ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
​როგორც “კვირას” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, განახორციელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია და შემოსული წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს გაზაფხულზე დაიწყებს.
პროექტი წყალარინების ხუთი ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა და შემდგომ მის ექსპლუატაციაში გაშვებას ითვალისწინებს.
თანამედროვე ტიპის ობიექტები მინიმუმამდე დაიყვანს რეგიონში ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხეს და გარემოზე მავნე ზემოქმედებას შეამცირებს. გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
2019 წელს კომპანია გუდაურში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმას. კერძოდ, სასმელი წყლისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემების მშენებლობას. ასევე, გუდაურის ხელოვნური რეზერვუარის წყლის შემვსებ სამუშაოებს.
გარდა ამისა, კომპანიამ წლის დასაწყისში გუდაურის ხელოვნური ტბის მოწყობისთვის საჭირო 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები დაასრულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები