ოკუპირებულ აფხაზეთში მონადირეებმა ლეოპარდი მოკლეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, კოდორის ხეობაში მონადირეებმა ლეოპარდი მაშინ მოკლეს, როდესაც ხაფანგში გაბმულმა ჯიქმა მათზე თავდასხმა სცადა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “Sputnik” შაპოშკინიკოვის სახელობის კავკასიის დაცული ტერიტორიების პროფესორ ანატოლი კუდაკტინზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დაახლოებით, ერთი კვირის წინა აფხაზეთიდან გვაცნობეს, რომ მთებში ლეოპარდი მოკლეს. ადგილობრივებმა ხაფანგის შემოწმება გადაწყვიტეს, რა დროსაც ლეოპარდი მათ თავს დაესხა, რის გამოც მონადირეებმა ის თოფით მოკლეს”, – ამბობს კუდაკტინი.
პირველადი ინფორმაციით, მოკლული ჯიქი იმ სამ ლეოპარდთადგან ერთე-ერთია, რომელიც კავკასიაში ლეოპარდის პოპულაციის აღდგენის პროგრამის ფარგლებში გამოიყვანეს და ბუნებაში 2016 წელს გაუშვეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლეოპარდი 2017 წელს აფხაზმა მონადირემ დაიჭირა და მას შემდეგ ხაფანგში ჰყავდა გამომწყვდეული.
ცნობისთვის, საქართველოში ლეოპარდი დიდი ხანია იშვიათი სახეობაა. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე მოკლეს. სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა “ნაკრესმა” ლეოპარდის კვალს 2003 წელს ვაშლოვანში მიაგნო. მას შემდეგ ის ფოტოხაფანგის ფირზეც რამდენჯერმე აღიბეჭდა, თუმცა შემდეგ გაქრა.