ხონში, 34 წლის მამაკაცმა მაღაზიიდან 1200 ლარი მოიპარა და მიიმალა – შსს-მ ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს ხონში, მოქალაქის კუთვნილი მაღაზიიდან 1200 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“,- აცხადებენ შს სამინისტროში.
მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.