მესტიის სოფლებში საერთო კრებები იმართება

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის კრებები ხუთი მუნიციპალიტეტის 139 სოფელსა და უბანში უკვე დასრულდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები დღეს დაიწყო. ბეჩოს თემის მაზერისა და უშხვანარის სოფლებში საერთო კრებებს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრო. რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განუცხადა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მთავრობის გადაწყვეტილებით გაორმაგდა.
მოსახლეობის უმეტესობამ მაზერსა და უშხვანარში სკოლის შემოღობვას, მინისტადიონის კეთილმოწყობასა და წყალმომარაგების პროექტებს დაუჭირა მხარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტების საკრებულოს წარედგინება.
პროგრამა რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები