ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას – 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში დააკავა”,- აცხადებენ შს სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.