კახეთში მეჯვარემ ახალგაზრდა მამაკაცი თოფით მოკლა – შსს-მ ბრალდებული დააკავა
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში 28 წლის მამაკაცი საკუთარმა მეჯვარემ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1990 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ გ.პ. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.