პირველი აგვისტოდან, ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizzair) ქუთაისიდან 6 ახალ მიმართულებას ამატებს, – ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბახტაძის განცხადებით, რეისების დამატება ეკონომიკის სამინისტროს დამსახურებაა და ეს ქვეყანაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ნიშნავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, ცნობილი ხდება ქალაქები, სადაც აგვისტოდან პირდაპირი ფრენები დაიწყება. ესენია: ეინდჰოვენი (ჰოლანდია), ტალინი (ესტონეთი), ბრიუსელი (ბელგია), კოპენჰაგენი (დანია), ბარი (იტალია) და ბაზელი (შვეიცარია).
„ვიზეარი“ ქუთაისიდან ფრენებს ამ დროისთვის 21 მიმართულებით ასრულებს, მათ შორის ლონდონში, პარიზში, რომში, მილანში, ბერლინსა და ბარსელონაში. 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია საქართველოს ბაზრის ლიდერი იყო – 587 179 გადაყვანილი მგზავრით. საქართველოში „ვიზეარი“ 2012 წელს შემოვიდა.