ახალსოფელში, რიგით 61-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე ბიბლიოთეკა, ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით, ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურება − ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 61-ე საზოგადოებრივი ცენტრმა ფუქნციონირება დაიწყო.
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგალითად, აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით.
საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის” და „ლიბერთი ბანკის” − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, სოფლიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციონერებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მოემსახურება. დღეისათვის, ახალსოფლის გარდა, პრობაციის სერვისების მიღება საჩხერის, წნორის, წალკის, ადიგენისა და დმანისის საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.
სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, ახალსოფლის მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლია, ისარგებლოს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებული იყვნენ.
ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალსოფლის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 60 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ე.წ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შენდება საზოგადოებრივი ცენტრები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსთან კონტაქტი გაუადვილდეს.
დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს 10 რეგიონის 40 მუნიციპალიტეტში: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინეში, საჩხერეში, დმანისსა და ადიგენში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები