საქართველოს გამორჩეული კურორტები

 საქართველო გამორჩეულია ზამთრისა და ზაფხულის კურორტებით. თვალწარმტაცი ბუნება, ლანდშაფტის მრავალფეროვნება, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ჰავა, მდინარეები, ჩანჩქერები, სამკურნალო კურორტები, ისტორიული ძეგლები, მრავალფეროვანი სამზარეულო და ქართველების განთქმული სტუმართმოყვარეობა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაც საქართველოს ასე უნიკალურსა და მიმზიდველს ხდის. უცხოელ ტურისტებს შორის საქართველოს კურორტები სხვადასხვა ნიშნით არის პოპულარული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ზოგადად საქართველოში უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ბათუმია. გთავაზობთ 6 ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ კურორტს საქართველოში.

ბათუმი – როგორც აღვნიშნეთ, ბათუმი საქართველოში ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ბათუმში ზღვის სანაპიროთი ტკბობის გარდა, მრავალი გასართობი დაწესებულებაა და როგორც ტურისტული სააგენტოებში ამბობენ, დამსვენებლები ყველა სეზონზე მრავლადაა, განსაკუთრებით ეს თურქ ტურისტებს ეხება, რომლებიც შაბათ-კვირას ბათუმში გადმოდიან და ორშაბათს სამშობლოში ბრუნდებიან.

 ურეკი – ურეკი, ბათუმის მსგავსად, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, თუმცა ის დამსვენებლებს სამკურნალო მაგნიტური ქვიშის წყალობით უფრო იზიდავს. ურეკის ქვიშა სასარგებლოა სახსრების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოებისა და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ. ქალაქში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის დსთ-ის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, ასევე, მეზობელი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

 ბაკურიანი – სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მდებარეობს. ბაკურიანს ტურისტები ძირითადად დსთ-ს ქვეყნებიდან სტუმრობენ. თუმცა ბოლო პერიოდში, არაბი და ებრაელი ტურისტების მომრავლებაც შეინიშნება.

 ბორჯომი – ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, რომელიც განთქმულია მინერალური წყლებით. ნაძვნარი ტყეებით გარშემორტყმული ბორჯომის ხეობა ყველა სეზონზე მზადაა ტურისტების მისაღებად.

სვანეთი – მთის კურორტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა სვანეთი და კონკრეტულად მესტია, რომელიც ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. ძველი კოშკები, ციხე-სიმაგრეები და ზამთარ-ზაფხულ თოვლით დაფარული მწვერვალები ათასობით უცხოელ ტურისტს იზიდავს. ტურისტული სააგენტოების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ეს მხარე განსაკუთრებით ევროპელებს აინტერესებთ, რომლებსაც სვანეთში უნიკალური ჰავა, ველური ბუნების სილამაზე და სიძველეები იზიდავს.

 ბახმარო – დაბა ბახმარო მაღალმთიანი კლიმატური კურორტია გურიაში. ბახმარო ერთ-ერთი უნიკალური კურორტია. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2050 მეტრზე და გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება. ბახმაროს ტურისტები წელიწადის ყველა სეზონზე სტუმრობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები