ფოთში, მოაჯირიდან მდინარე რიონში გადავარდნილ მოზარდს ეძებენ
ფოთში, მდინარე რიონში გადავარდნილ 16 წლის ბიჭს ოც საათზე მეტია ეძებენ. მოზარდი აღმაშენებლის ხიდიდან მდინარეში გუშინ საღამოს გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდის მოაჯირზე გავლას ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველი და მყვინთავია ჩართული. ამასთან, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეცტექნიკაა მობილიზებული, რომელიც წყლის ქვეშ სამძებრო ღონისძიებებს სპეციალური აპარატით აწარმოებს.
მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოების ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით, შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც ყველა შესაბამის უწყებას აერთიანებს. ამასთან, მათი თქმით, მიღებულია შესაბამისი ზომები, რათა მდინარეში წყლის დონემ დაიწიოს.